ეფექტური კომუნიკაცია
ლათინურად communicare შეერთებას, გაზიარებას, მიღებას ნიშნავს. ეფექტური კომუნიკაცია გულისხმობს ჩვენი სათქმელის, გზავნილის მიწოდებას მეორე ადამიანისთვის იმ ფორმით, რომელიც მისთვის გასაგები იქნება და ისიც სწორედ იმ აზრს გამოიტანს ამ გზავნილიდან, რისი გადაცემაც ჩვენ გვინდოდა.
რა არის კომუნიკაცია?
კომუნიკაცია, ანუ ურთიერთობა, გულისხმობს ერთი ადამიანის ან ჯგუფის მიერ მეორე პირისთვის/ჯგუფისთვის ინფორმაციის ან გზავნილის გადაცემას ორივე მხარისთვის გასაგები ნიშნებით (ნიშანი შეიძლება იყოს, მაგ., ცერა თითის ჩვენება), სიმბოლოებით (დამწერლობა), წესებით (სხვადასხვა კულტურაში გავრცელებული წესები, როგორ უნდა ვესაუბროთ უფროსებს; ან, რა წესები უნდა დავიცვათ ცხოველებთან ურთიერთობისას).

რა საჭიროა ეფექტური კომუნიკაცია?
ეფექტური კომუნიკაცია
- ამცირებს სტრესს, კონფლიქტების რაოდენობას და სიმწვავეს, ასევე, შეცდომების რაოდენობას და გაუგებრობებს
- თავიდან გვარიდებს ჭორებს და არასწორ ინფორმაციას
- აუმჯობესებს ურთიერთობებს
- ამარტივებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს (და, შემდგომ, აუმჯობესებს გადაწყვეტილების შედეგებს)
- აიოლებს პრობლემების გადაჭრას
რამ შეიძლება შეგიშალოს ხელი ეფექტურ კომუნიკაციაში?
ეფექტურ კომუნიკაციაში ხელი შეიძლება სხვადასხვა რამემ შეგიშალოს. კომუნიკაციის შესაძლო ბარიერები:
ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს, რა სიტყვებს ვეუბნებით, ან ვერ წაიკითხოს, რაც მივწერეთ (მიზეზი შეიძლება იყოს ხმაური, ან, თუ მიმოწერა ელექტრონულად მიმდინარეობს, ინტერნეტთან წვდომის შეზღუდვა). ამ შემთხვევაში, გზავნილი ვერ აღწევს ადრესატამდე, შესაბამისად, ის ვერ იღებს ჩვენს შეტყობინებას. შეგვიძლია, მეორე მხარეს კითხვები დავუსვათ და დავაზუსტოთ, მიიღეს თუ არა ჩვენი გზავნილი.
ხმაური - როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური. ფიზიკური ხმაურის დროს, ისევე, როგორც წინა მაგალითში, ადამიანმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაიგოს, რა ვუთხარით. ემოციური ხმაურის შემთხვევაში, ადამიანი ისე გაბრაზებულია, რომ არ უნდა ჩვენი მოსმენა/ვერ გვისმენს, ან, ძლიერი ემოციების გამო, სხვა მნიშვნელობას ანიჭებს მეორე მხარის გზავნილს. როდესაც ძლიერი ემოციის გავლენის ქვეშ ვიქნებით, კარგი იქნება, თუკი პატარა პაუზას გავაკეთებთ და ამის მერე გავაგრძელებთ კომუნიკაციას.
ადამიანმა შეიძლება მოისმინოს, რა ვუთხარით, მაგრამ, ნათქვამიდან აზრი ვერ გამოიტანოს (მაგ., შეიძლება არ იცოდეს რომელიმე სიტყვის მნიშვნელობა). სასურველია, საუბრისას ისეთი ენა გამოვიყენოთ, რომელიც გასაგები იქნება მეორე მხარისთვის, ან, თუ დაბნეულობას შევამჩნევთ, განმარტება მივაშველოთ. მაგალითად, ასაკით უფროსებთან მოვერიდოთ კლასელებს შორის ხშირად გამოყენებული სლენგის ხმარებას, ან ზედმეტად არ გამოვიყენოთ ტექნიკური ტერმინები უფროს თაობასთან საუბრისას.
მოსმენის/საუბრის პარალელურად სხვა საქმის კეთება აუარესებს კომუნიკაციის პროცესს. კარგი იქნება, თუ მთელ ჩვენს ყურადღებას კომუნიკაციის პროცესს დავუთმობთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
როდესაც დარწმუნებით ვფიქრობთ, რომ ვიცით, რის თქმას აპირებს ადამიანი, ეს ხშირად აფერხებს ეფექტური კომუნიკაციას. კარგი იქნება, თუ ნებისმიერ ადამიანს ისე მოვუსმენთ, თითქოს მას ჩვენთვის რაღაც ახლის თქმა შეუძლია, რაც ჯერ არ ვიცით.
თუკი მოსაუბრეს გავაწყვეტინებთ ან ჩვენ გაგვაწყვეტინებენ ლაპარაკს, ამით ხელს შევუშლით ეფექტური კომუნიკაციის პროცესს. ნუ გააწყვეტინებ საუბარს მეორე მხარეს, და, თუკი შენ გაგაწყვეტინებენ, ზრდილობიანად, მტკიცედ მოითხოვე, მოგცენ სათქმელის დასრულების საშუალება.
უპასუხე შეკითხვებს და გაიგე მეტი შენ შესახებ
- კომუნიკაციის რა შეცდომებს შეიძლება უშვებდე ყოველდღიურ ცხოვრებაში?
- რას გრძნობ მაშინ, როდესაც ვინმე საუბარს გაწყვეტინებს?
- ხომ არ იწყებ ურთიერთობას იმ განწყობით, რომ უკვე იცი, რით დამთავრდება მოსაუბრის სათქმელი?
- დააკვირდი როგორია შენი სხეულის პოზა, სახის გამომეტყველება საუბრისას, რა ჟესტებს იყენებ. შეგიძლია, სარკეში სცადო საკუთარ თავზე დაკვირვება და ჰკითხო შენს თავს, რა დასკვნას გამოიტანდი ამ გამომეტყველებიდან სხვა ადამიანის სახეზე რომ დაგენახა?
- ხომ არ ჩქარობ პასუხის გაცემას მაშინ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა დაგეხმარება, შენთვის სასურველი გზავნილი ინტერპრეტაცია ისე მოხდეს, როგორც ეს შენ გქონდა ჩაფიქრებული.
რა შეგიძლია გააკეთო სხვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად?
არსებობს სხვადასხვა ხერხი, რომლის გამოყენებაც დაგვეხმარება კომუნიკაციის პროცესის გაუმჯობესებაში. ჩვენი სათქმელის კულტურულად მისაღები ფორმით, ზრდილობიანად, პირდაპირ გადმოცემა ერთ-ერთი უპირველესი მეთოდია, რომელიც შეამცირებს გზავნილის არასწორად გაგების შესაძლებლობას.
საუბრის დროს ეცადე, რომ შენი ყურადღება მიმდინარე ურთიერთობაზე იყოს მომართული. თავის დაქნევით, თვალებში ყურებით, შენი ტანის მოსაუბრისკენ მიტრიალებით აჩვენე მოსაუბრეს, რომ ნამდვილად უსმენ. ამ დროს ნუ დაკავდები სხვა საქმით, ტელეფონში რაიმეს თვალიერებით ან სხვა ამბავზე ფიქრით. ამას აქტიური მოსმენა ეწოდება. მის ნათქვამს მოკლე კომენტარები შეაგებე: „რა საინტერესოა!“; „ეს როგორ მოიფიქრე?!“; „როგორ მოხდა ეს ამბავი?“
დასვი დამაზუსტებელი კითხვები. თუ გსურს, რომ კომუნიკაცია ეფექტურად წარიმართოს, აუცილებლად უნდა დასვა კითხვები, როდესაც რაიმე შენთვის გაუგებარი ან ბუნდოვანია: „თუ სწორად გავიგე, ამბობთ, რომ...“, „ამაში რას გულისხმობთ?“
გაიმეორე მოსაუბრის მიერ ნათქვამი შენი სიტყვებით. ამას რეფლექსია/პერიფრაზი ეწოდება. ამით მოსაუბრეს ვაჩვენებთ, რომ მოვუსმინეთ და გავიგეთ, რაც გვითხრა. ამას გარდა, ამით მოსაუბრეს საშუალებას მისცემ დააზუსტოს, თუ რამე არასწორად გაიგე. რეფლექსია შეგიძლია დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „როგორც ჩანს, თქვენ... რამდენადაც გავიგე... როგორც ვხვდები... თქვენ ფიქრობთ, რომ...“
შეაჯამე ის, რაც მოისმინე. გამოყავი მოსმენილში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და გადმოეცი შენი სიტყვებით.
გამოხატე შესაბამისი ემოცია მოსმენის ან საუბრის დროს. ამას ემპათია ეწოდება და საშუალებას გვაძლევს, გავიზიაროთ მოსაუბრის ემოცია, ან გადავცეთ ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. გაიღიმე, როდესაც რამე სასიამოვნოს მოისმენ, ან გამოხატე სევდა, თუკი საუბარი ცუდ ამბავზეა.
კონფლიქტი და ასერტული კომუნიკაცია
კომუნიკაციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი კონფლიქტს უჭირავს. კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, შეყვარებულებს, თანამშრომლებს და სხვ. შორის.
კონფლიქტი ჩნდება მაშინ, როდესაც:
- ადამიანები ისე არიან ურთიერთდაკავშირებული, რომ ერთის ქცევა მეორეზე ახდენს გავლენას
- ორივე მხარემ იცის, რომ მათი მიზნები შეუთავსებელია - თუ ერთი აღწევს მიზანს, მეორეს მიზანი მიუღწეველი რჩება
- ერთმანეთს აღიქვამენ, როგორც დაბრკოლებას საკუთარი მიზნების მიღწევაში.
კონფლიქტი ურთიერთობის ნაწილს წარმოადგენს. ადამიანები განსხვავებულები არიან - აქვთ განსხვავებული საჭიროებები, მიზნები და ა.შ. ურთიერთობისას კი ამგვარ განსხვავებებს ხშირად კონფლიქტი მოჰყვება.
კონფლიქტის მოგვარების ხუთი ძირითადი გზა
შეჯიბრი. ამ დროს ადამიანი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე და ნაკლებად აწუხებს ის, თუ რა სურს მეორე მხარეს. როგორც კი მისი საჭიროებები და სურვილები დაკმაყოფილებულია, კონფლიქტიც მოგვარებულია (მისი პოზიციიდან). კონფლიქტის მოგვარების ამ სტილს ხშირად ვხვდებით სასამართლო დარბაზში ან მანქანის ყიდვისას - როდესაც ერთი მხარის მოგება მეორე მხარის წაგებიდან გამომდინარეობს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამას აუცილებლად მოჰყვება წაგებული მხარის განაწყენება, რომელიც ადვილად შეიძლება გადაიზარდოს ახალ კონფლიქტში.
თავის არიდება. კონფლიქტის მოგვარების ამ ფორმის დროს უგულებელყოფილია როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი საჭიროებები. ამ დროს მთავარი საჭიროება კონფლიქტის თავიდან არიდებაა. ასეთ დროს, ადამიანი ცდილობს თავი აარიდოს ყოველგვარ კომუნიკაციას, რომელიც პრობლემას ეხება, ცვლის საუბრის თემას და ა.შ. ასეთი სტრატეგია მოუგვარებელი პრობლემების დაგროვების საუკეთესო გზაა.
შეგუება. ამ დროს ადამიანი მეორე მხარის სასიკეთოდ, საკუთარ საჭიროებებსა და სურვილებზე უარს ამბობს. ძირითად მიზანს მოცემულ ურთიერთობაში სიმშვიდისა და ჰარმონიის შენარჩუნება წარმოადგენს. კონფლიქტის მოგვარების ეს გზა შეიძლება დაგეხმაროთ მიზნის მიღწევაში,მაგრამ მხოლოდ გარკვეული დროით. საკუთარი სურვილების უგულებელყოფა დროთა განმავლობაში შენში უკმაყოფილებასა და უსამართლობის გრძნობას გამოიწვევს. ეს კი, შეიძლება ახალი კონფლიქტის მიზეზი გახდეს.
თანამშრომლობა. როდესაც ადამიანი კონფლიქტის მოგვარების ამ გზას ირჩევს, ის ზრუნავს როგორც საკუთარ, ასევე მეორე მხარის სურვილებსა და საჭიროებებზე. ეს გულისხმობს მეორე მხარესთან აქტიურ კომუნიკაციას, ყურადღებით მოსმენას. იდეალურ შემთხვევაში ეს გზა ორივე მხარეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს, ან სულ ცოტა, თითოეული მხარე რაღაც პატარა სარგებელს იღებს.
კომპრომისი. კონფლიქტის კომპრომისული ფორმით მოგვარებისას ადამიანი ზრუნავს როგორც საკუთარი, ასევე, სხვისი სურვილების განხორციელებაზე. კონფლიქტის მოგვარების ამ გზის არჩევისას, ორივე მხარე მიდის გარკვეულ დათმობაზე. სავარაუდოდ, ამ სტრატეგიის გამოყენებისას შენარჩუნებული იქნება მშვიდობა, თუმცა გარდაუვალი დათმობის გამო, გარკვეული უკმაყოფილება მაინც იჩენს თავს.
კონფლიქტის დროს, ადამიანის ქცევა შესაძლოა იყოს აგრესიული, პასიური ან ასერტული.
რას ნიშნავს პასიური, აგრესიული და ასერტული ქცევა?
აგრესიული ქცევის ტიპი ახასიათებთ ფეთქებადი ხასიათის ადამიანებს, რომლებიც თავისი ქმედებით სხვებს ართმევენ არჩევანის უფლებას, იკმაყოფილებენ საკუთარ მოთხოვნილებებს, იცავენ საკუთარ ინტერესებს, მაგრამ არ აინტერესებთ სხვისი ინტერესები.
პასიური ქცევა. ადამიანი ადვილად თმობს საკუთარ ინტერესებს, ცდილობს, ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები, უჭირს „არას“ თქმა და ამიტომ სხვისი სურვილების შესაბამისად იქცევა, აკმაყოფილებს სხვის მოთხოვნილებებს საკუთარი მოთხოვნილებებისა და ინტერესების ხარჯზე. ეს არის ქმედება, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს გამოხატოს საკუთარი გრძნობები, სურვილები, საჭიროებები და მოსაზრებები.
ასერტული ქცევა. ესაა აზრების, გრძნობების და დამოკიდებულებების პირდაპირი, გულწრფელი, ადეკვატური გამოხატვა. ასერტული ადამიანი აცნობებს სხვა ადამიანს საკუთარი სურვილების შესახებ ისე, რომ არ შეურაცხყოფს მას, ითვალისწინებს მის ინტერესებს, ცდილობს მიზანს მიაღწიოს, მაგრამ არ არღვევს სხვის უფლებებს.
ასერტული ქცევა გვეხმარება კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილებაში.
როდესაც ადამიანი ასერტულად მოქმედებს, მისი ხმა მშვიდი და მტკიცეა, თვალებით კონტაქტის დამყარებისას თავს კომფორტულად გრძნობს, თუმცა დაჟინებული მზერა არ ახასიათებს. თვალებით კონტაქტი ღია და გულწრფელი აქვს, პოზა - გამართული.
ასერტულობა უნარია, რომლის სწავლაც შესაძლებელია. მაგალითად, შეგიძლია ისწავლო უარის თქმა, საკუთარი გრძნობების გამოხატვა, დახმარების თხოვნა საჭიროების შემთხვევაში.
უარის თქმა
როგორ უნდა თქვა „არა“ შესაბამის დროსა და სიტუაციაში:
- საკუთარი პოზიციის გამოხატვა - „არა, არ შემიძლია“
- მიზეზების ახსნა - „დღეს დაკავებული ვარ“
გრძნობების გამოხატვა
- დადებითი გრძნობების გამოხატვა - „შენმა საქციელმა ძალიან გამახარა“
- უარყოფითი გრძნობების გამოხატვა - „შენმა საქციელმა გული მატკინა”
თხოვნა
- განმარტების თხოვნა: „ვერ გავიგე, თუ შეიძლება, ზუსტად ამიხსნათ, რა უნდა გავაკეთო?”
- ინფორმაციის მიღების თხოვნა.
დაფიქრდი, ობიექტურად რა ზიანი გადგება შენ და გააცნობიერე, შენი ქცევა რა გავლენას მოახდენს სიტუაციაზე.
რამდენიმე რჩევა ასერტული ქცევისთვის
- თქვი შენი სათქმელი მოკლედ, ნათლად და თავიდან აიცილე ხანგრძლივი განმარტებები
- შეინარჩუნე სიმშვიდე და დაბალი ხმის ტემბრი
- არ არის საჭირო ბოდიშის მოხდა, თუ თვლი, რომ მართალი ხარ
- იყავი ზრდილობიანი
- ეცადე მოეშვა და არ აჰყვე ემოციებს. ეცადე შეინარჩუნო სიმშვიდე და გააკეთო ის, რაც დაგეგმილი გაქვს
რამ შეიძლება ხელი შეგიშალოს ასერტულ ქცევაში?
- შენ შეიძლება „კი“ უთხრა მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს თხოვნაზე, რაგინდ უსამართლოდ მიგაჩნდეს მათი ეს თხოვნა
- შესაძლოა, შეგეშინდეს, რომ ვინმე ამის გამო გაგაკრიტიკებს
- შესაძლოა, გაგიჭირდეს პოზიტიური გრძნობების გამოხატვა
რა დაგეხმარება, რომ უკეთ გამოხატო შენი გრძნობები ისე, რომ სხვას არ აწყენინო?
- საუბარში „შენ“-წინადადებების ნაცვლად გამოიყენე „მე“-წინადადებები. საკუთარი გრძნობების გამოხატვისას, „მე“-წინადადებების გამოყენება ხელს შეუწყობს იმას, რომ შემთხვევით არ ვთქვათ ისეთი რამ, რაც სხვისთვის შეურაცხმყოფელი იქნება.
„მე-შეტყობინება“აღწერს
- ქცევას
- განცდებს
- ქცევის შედეგებს
მაგალითად:
- მე მწყინს, როდესაც შენ არ ასრულებ პირობას.
- მე ვბრაზობ, როდესაც შენ არ მიხსნი გადაწყვეტილების მიზეზებს.
მე-შეტყობინება არ შეიცავს ბრალდებებს, ინტერპრეტაციას, კრიტიკას.