ფსიქიკური ჯანმრთელობა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დროს

ფსიქიკური ჯანმრთელობა საგანგებო სიტუაციებში

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), ფსიქიკური ჯანმრთელობა საგანგებო სიტუაციებში. 6 მაისი, 2025

საკვანძო ფაქტები

  • საგანგებო სიტუაციებით დაზარალებული თითქმის ყველა ადამიანი განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც, როგორც წესი, თავისით გაივლის დროთა განმავლობაში. 
  • ვისაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ომი ან კონფლიქტი გადაუტანია, მათ შორის ყოველ მეხუთეს (22%) აღენიშნება დეპრესია, შფოთვა, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა ან შიზოფრენია. 
  • საგანგებო სიტუაციები ძალიან უშლის ხელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მუშაობას დაამცირებს ხარისხიანი მომსახურების ხელმისაწვდომობას. 
  • ადამიანები მძიმე ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობით განსაკუთრებით დაუცველები არიანსაგანგებო სიტუაციების დროს და სჭირდებათ წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებსა თუ სხვაძირითად საჭიროებებზე.

ზოგადი მიმოხილვა

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ზარალდება ისეთი საგანგებო სიტუაციებით, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტები და სტიქიური უბედურებები. ამგვარი კრიზისები არღვევს ოჯახებს, ტოვებს მათ საარსებო წყაროს და აუცილებელი სერვისების გარეშე, და შესამჩნევად აისახება ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც. დაზარალებულთაგან თითქმის ყველა განიცდის ფსიქოლოგიურ სტრესს, მცირე ნაწილს კი უვითარდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, როგორიცაა დეპრესია ან პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა.

საგანგებო სიტუაციებმა შეიძლება გააუარესოს ფსიქიკური ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობა, მაგალითად, გამოიწვიოს სიღარიბე და დისკრიმინაცია. მაგრამ ასევე ახალი პრობლემებიც იჩენს თავს, როგორიცაა ოჯახის გაყოფა და ნივთიერების საზიანო მოხმარება.

საერთაშორისო მითითებებით, საგანგებო სიტუაციების დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია სხვადასხვა აქტივობის გამოყენება - დაწყებული თემში თვით-დახმარებითა და კომუნიკაციებით, დამთავრებული პირველადი ფსიქოლოგიური დახმარებითა და ფსიქიკური ჯანდაცვის კლინიკური მომსახურებით. ზემოქმედების შესამსუბუქებლად არსებითი მნიშვნელობა აქვს წინასწარ მზადყოფნას და ინტეგრაციას კატასტროფების რისკის შემცირების პროცესში. ქვეყნებს შეუძლიათ საგანგებო სიტუაციები გამოიყენონ როგორც შესაძლებლობა ფსიქიკურ ჯანდაცვაში ინვესტირების გასაზრდელად. გაზრდილი დახმარება და მეტი ყურადღება ხელს შეუწყობს უკეთესი ზრუნვის სისტემების ჩამოყალიბებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

პრობლემები

სოციალური პრობლემები

  • უკვე არსებული, მათ შორის სიღარიბე და მარგინალიზებული ჯგუფების დისკრიმინაცია
  • საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული, მათ შორის ოჯახის გაყოფა, უსაფრთხოების ნაკლებობა, საარსებო წყაროს დაკარგვა, სოციალური კავშირების მოშლა, დაბალი ნდობა და რესურსების შემცირება 
  • ჰუმანიტარული დახმარებით გამოწვეული, მათ შორის ხალხმრავლობის, პირადი სივრცის ნაკლებობის და საზოგადოების მხარდაჭერის შესუსტების ჩათვლით.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები

  • უკვე არსებული, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შიზოფრენია ან ალკოჰოლისა და სხვა ნივთიერებების საზიანო მოხმარება
  • საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული, მათ შორის მწუხარება, მწვავე სტრესული რეაქციები, ნივთიერებების საზიანო მოხმარება, დეპრესია, შფოთვა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა
  • ჰუმანიტარული დახმარებით გამოწვეული, მათ შორის შფოთვა, რომელიც გამოწვეულია საკვების ან ძირითადი სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით.

ფსიქიკური ჯანდაცვის მომსახურების მიღების პრობლემები

  • უკვე არსებული, მათ შორის შეზღუდული წვდომა ხარისხიან და ფინანსურად ხელმისაწვდომ მომსახურებაზე
  • საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული, მათ შორის დაზიანებული ინფრასტრუქტურა, პერსონალის დეფიციტი, მედიკამენტების მიწოდების ქსელების შეფერხება და მოთხოვნის მკვეთრი ზრდა, რაც არსებულ ინფრასტრუქტურას ტვირთად აწვება 
  • ჰუმანიტარული დახმარებით გამოწვეული, მათ შორის კოორდინაციის ნაკლებობა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მუშაკების არასაკმარისი წვრთნა.

გავრცელების სიხშირე

საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებული ადამიანების უმრავლესობა განიცდის შფოთვას, სევდას, უიმედობას; აქვთ ძილის პრობლემები, დაღლილობის, გაღიზიანების, ბრაზის ან ტკივილის განცდა. როგორც წესი, ეს ფსიქოლოგიური სტრესი დროთა განმავლობაში გაივლის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა მწვავდება. ადამიანთა დაახლოებით 22%-ს შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, შფოთვა, პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა, ბიპოლარული აშლილობა ან შიზოფრენია (1).

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დაახლოებით 13%-ს აღენიშნება დეპრესიის, შფოთვისა და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის მსუბუქი ფორმები, ხოლო 9%-ს - საშუალო ან მძიმე ფსიქიკური აშლილობები.

კონფლიქტით დაზარალებულ გარემოში დეპრესია ასაკთან ერთად მატულობს და უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. მწვავე დეპრესიის მქონე ადამიანები განსაკუთრებით დაუცველები არიან საგანგებო სიტუაციების დროს და მის შემდეგ, და სჭირდებათ წვდომა ძირითად საჭიროებებზე და მკურნალობაზე.

ემოციური აღდგენა კატასტროფის შემდეგ

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია www.apa.org

კატასტროფის ან სხვა მატრავმირებელი მოვლენის შემდგომი ემოციებისა და ნორმალური რეაქციების გააზრება დაგეხმარებათ თქვენი გრძნობების, აზრებისა და ქცევების მართვაში. 

კატასტროფები, როგორიცაა, მიწისძვრები, სატრანსპორტო შემთხვევები  ხანძრები ან სხვა, როგორც წესი, მოულოდნელად, უეცრად ხდება და დამანგრეველია. ხშირად ადამიანებს ფიზიკური დაზიანების გარეგნულად თვალსაჩინო ნიშნები არ აქვთ, მაგრამ მაინც შეიძლება ემოციური დანაკარგი ჰქონდეთ. კატასტროფაგამოვლილ ადამიანებს ხშირად აქვთ ძლიერი ემოციური რეაქციები. სტრესულ მოვლენებზე რეაქციების შესწავლა დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ თქვენს გრძნობებს, აზრებსა და ქცევებს და აღდგენა დაიწყოთ. 

როგორია კატასტროფებზე რეაგირება და საპასუხო ქმედება?

კატასტროფის შემდეგ ადამიანები ხშირად არიან ხოლმე გაოგნებული, დეზორიენტირებული ან ვერ ახერხებენ სტრესის შემცველი ინფორმაციის გამთლიანებას. როცა ეს საწყისი რეაქციები ჩაცხრება, შემდგომი განცდები და ქცევები საკმაოდ მრავალგვარია. გავრცელებული რეაქციები შეიძლება იყოს:

  • მძაფრი ან არაპროგნოზირებადი გრძნობები. შესაძლოა, განიცადოთ შეშფოთება, ნერვიულობა, მღელვარება ან მწუხარება. შესაძლოა, ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული ან ცუდ ხასიათზე იყოთ.
  • ცვლილებები აზრებსა და ქცევებში. შესაძლოა, მოვლენა ხშირად და მკაფიოდ გახსენდებოდეთ. ეს მოგონებები ზოგჯერ უმიზეზოდ ჩნდება და იწვევს ფიზიკურ რეაქციებს, როგორიცაა გულისცემის აჩქარება ან ოფლიანობა. შესაძლოა, გაგიჭირდეთ ყურადღების კონცენტრირება ან გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება ძილის და კვების რეჟიმიც დაირღვეს - ზოგმა ზედმეტად ბევრი იძინოს, ზოგმა კი ძილი და მადა დაკარგოს.
  • გარემო ფაქტორების მიმართ მგრძნობიარობა. სირენებმა, ხმაურმა, დამწვრის სუნმა ან გარემოს სხვა შეგრძნებებმა შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფის მოგონებები, რაც შფოთვის მატებას იწვევს. ამ „გამღიზიანებლებს“ შეიძლება თან ახლდეს შიში, რომ სტრესული მოვლენა განმეორდება.
  • დაძაბული ინტერპერსონალური ურთიერთობები. შესაძლოა, გაიზარდოს კონფლიქტების რაოდენობა, მაგალითად, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან უფრო ხშირად წარმოიშვას უთანხმოება. ასევე, შესაძლოა, გახდეთ ჩაკეტილი, იზოლირებული ან ჩამოშორდეთ თქვენს ჩვეულებრივ სოციალურ აქტივობებს.
  • სტრესთან დაკავშირებული ფიზიკური სიმპტომები. შესაძლოა, განვითარდეს თავის ტკივილი, გულისრევა და ტკივილი გულმკერდის არეში, რაც სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. კატასტროფასთან დაკავშირებულმა სტრესმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს უკვე არსებულ სამედიცინო დიაგნოზებზეც. 

როგორ გავუმკლავდე?

საბედნიეროდ, კვლევები გვაჩვენებს, რომ ადამიანების უმეტესობა ამტანია და დროთა განმავლობაში ახერხებს ტრაგედიის შემდეგ გამოკეთებას. ნორმალურია, როდესაც კატასტროფისთანავე ადამიანები განიცდიან სტრესს, თუმცა რამდენიმე თვეში უმრავლესობა უბრუნდება ცხოვრების იმ რიტმს, რომელიც კრიზისამდე ჰქონდა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სწორედ სტრესმედეგობა და აღდგენაა ნორმალური მდგომარეობა და არა ხანგრძლივი სტრესი.

კატასტროფის შემდეგ ემოციური კეთილდღეობის გასაზრდელად და კონტროლის განცდის დასაბრუნებლად შეგიძლიათ რამდენიმე რამ მოიმოქმედოთ:

  • მიეცით საკუთარ თავს შეგუების დრო. გქონდეთ მოლოდინი, რომ ეს თქვენი ცხოვრების რთული პერიოდი იქნება. მიეცით თავს საშუალება, იგლოვოთ განცდილი დანაკარგები და ეცადეთ, მოთმინებით მოეკიდოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობის ცვლილებებს
  • სთხოვეთ მხარდაჭერა იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ და რომლებიც მოგისმენენ და თანაგიგრძნობენ. სოციალური მხარდაჭერა კატასტროფის შემდეგ რეაბილიტაციის მთავარი კომპონენტია. ოჯახი და მეგობრები მნიშვნელოვანი რესურსია. თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ მხარდაჭერა და გამონახოთ საერთო ენა მათთან, ვინც ასევე გადაურჩა კატასტროფას. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მათაც, ვისაც არ შეხებიათ ეს კატასტროფა და ვისაც შეუძლიათ უფრო მეტი მხარდაჭერის გაწევა.
  • გააზიარეთ თქვენი გამოცდილება. გამოხატეთ თქვენი გრძნობები ნებისმიერი გზით, რომელიც თქვენთვის კომფორტულია, მაგალითად, ოჯახის წევრებთან ან ახლო მეგობრებთან საუბრით, დღიურის წარმოებით ან შემოქმედებით საქმიანობაში ჩართულობით (მაგ., ხატვა, თიხის ძერწვა და ა.შ.).
  • იპოვეთ ადგილობრივი მხარდაჭერის ჯგუფი, რომელსაც უძღვებიან შესაბამისად მომზადებული და გამოცდილი პროფესიონალები. მხარდაჭერის ჯგუფები ხშირადაა ხელმისაწვდომია დაზარალებულებისთვის. ჯგუფური დისკუსია დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, რომ მარტო არ ხართ თქვენს რეაქციებსა და ემოციებში. მხარდაჭერის ჯგუფების შეხვედრები შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს მათთვის, ვისაც მცირე პირადი მხარდაჭერა აქვს.
  • დაიწყეთ ჯანსაღი წესით ცხოვრება მოჭარბებულ სტრესთან გამკლავების უნარის გასაუმჯობესებლად. იკვებეთ დაბალანსებულად და კარგად დაისვენეთ. თუ ძილის პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებამ შვება მოგგვაროთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს, რადგან მათ შეუძლიათ ყურადღების გაფანტვა და მოდუნება, ეს კი ხელს უშლის სტრესთან აქტიურ გამკლავებას და კატასტროფის უკან მოტოვებას.
  • შემოიღეთ ან აღადგინეთ რუტინა. ეს შეიძლება გულისხმობდეს რეგულარულ კვებას, ძილისა და გაღვიძების რეჟიმის დაცვას, ან სავარჯიშო პროგრამის შესრულებას. შეიმუშავეთ რამდენიმე პოზიტიური რუტინა, რასაც მოეჭიდებით ამ სტრესულ პერიოდში, მაგალითად, ჰობი, ლამაზ პარკში ან უბანში გასეირნება, კარგი წიგნის კითხვა. 
  • ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს. კარიერის ან სამსახურის შეცვლა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, თავისთავად, ძალიან სტრესულია და კიდევ უფრო რთულია მაშინ, როდესაც კატასტროფის შემდეგ აღდგენას ცდილობთ. 

როდის უნდა მივმართო პროფესიონალურ დახმარებას?

თუ საკუთარ თავს შეამჩნევთ მუდმივ სტრესს ან უიმედობას და გრძნობთ, რომ ძლივს ახერხებთ ყოველდღიური მოვალეობებისა და აქტივობების შესრულებას, მიმართეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის ლიცენზირებულ სპეციალისტს, კერძოდ, ფსიქოლოგს. ფსიქოლოგებს შესწავლილი აქვთ, როგორ უნდა დაეხმარონ ადამიანებს კატასტროფების დროს გაჩენილი ემოციების მართვასა (უნდობლობა, სტრესი, შფოთვა, მწუხარება) და სამომავლო გეგმის შედგენაში.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Charlson F., van Ommeren M., Flaxman A., Cornett J., Whiteford H., Saxena S. New WHO prevalence estimates of mental disorders in conflict settings: a systematic review and meta-analysis. Lancet. 2019;394(10194):240–48. (https://doi.org/10.1016/S0140-6736(19)30934-1)
  2. Mental Health and Psychosocial Support Minimum Services Package (MHPSS MSP). (https://www.mhpssmsp.org/en)
  3. American Psychological Association. (2013, August 15). Recovering emotionally from disaster. https://www.apa.org/topics/disasters-response/recovering

Opatruj.se