თვითზრუნვის განსაზღვრება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციის(ჯანმო) მიხედვით, თვითზრუნვა არის ინდივიდების, ოჯახებისა და თემის უნარი, დამოუკიდებლად ან ჯანდაცვის პროფესიონალთა მხარდაჭერით, გააძლიერონ ჯანმრთელობა, თავიდან აიცილონ დაავადებები, გაუმკლავდნენ ავადმყოფობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს.
ჯანმოს განმარტების თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. თვითზრუნვა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში, გულისხმობს პრაქტიკულ ქმედებებს, რომლებიც ამ მიმართულებებს აძლიერებს და იცავს, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი კონკრეტულ დღეს, კვირას ან თვეს. საკუთარ თავზე ზრუნვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს, რომელმაც შეიძლება გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი.
თვითზრუნვის სტრატეგიები ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის
ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მისაღწევად და შესანარჩუნებლად თვითზრუნვა გადამწყვეტ როლს თამაშობს. თითოეული ადამიანი თავისებურად ზრუნავს საკუთარ თავზე, თუმცა საბოლოოდ თვითზრუნვა გულისხმობს ცხოვრების ისეთი სტილის განსაზღვრასა და მიღებას, რომლის საშუალებითაც ადამიანი შეძლებს საკუთარი უნარების რეალიზაციას, ცხოვრების ჩვეულებრივ სტრესებთან გამკლავებას, პროდუქტიულ და ნაყოფიერ საქმიანობას და საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას.
თვითზრუნვა შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა პრაქტიკას: ჯანსაღ ძილს, დაბალანსებულ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, იოგას, ყურადღების მართვის ტექნიკებს (მაინდფულნესი), მედიტაციასა და სულიერ/რელიგიურ პრაქტიკებს და ა.შ.
თვითზრუნვა მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას ფსიქიკური აშლილობა. ბევრი ადამიანი თვითზრუნვის სტრატეგიებს იყენებს დიაგნოზირებულ ფსიქიკურ დაავადებასთან დაკავშირებული მსუბუქი სიმპტომების, როგორიცაა შფოთვა ან დაბალი გუნებ-განწყობა, შესამსუბუქებლად. თუმცა თვითზრუნვა ასევე წარმოადგენს გზას ზოგადი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. თვითზრუნვის ჩვევები შეიძლება იყოს როგორც მცირე, ასევე დიდი მასშტაბის — მთავარი ისაა, რომ გააგრძელოთ იმის კეთება, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. თვითზრუნვის სრულყოფილი ფორმა არ არსებობს და ეს სრულიად ნორმალურია. თუმცა, თუ საკუთარ თავზე ზრუნვას ცხოვრების მიზნად გაიხდით და მათ ყოველდღიურ პრაქტიკად აქცევთ, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ და უკეთესად შეძლებთ ფუნქციონირებას.









