სტრესი და ემოციური გადაწვა

სიმპტომები და ნიშნები

სტრესი ფსიქოლოგიასა და ბიოლოგიაში ნიშნავს ნებისმიერ ზემოქმედებას (ფიზიკურ ან გარემოსთან დაკავშირებულს), რომელიც იწვევს ორგანიზმის რეაქციას. უმეტეს შემთხვევაში, სტრესი გვეხმარება გადარჩენაში, რადგან აიძულებს ადამიანს მოერგოს სწრაფად ცვლად გარემო პირობებს. 

მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ სტრესთან გამკლავებაც და მისი გამომწვევი ფაქტორების აღქმაც ძალიან ინდივიდუალურია. რაც ერთ ადამიანს აშფოთებს, სხვაზე შეიძლება საერთოდ არ იმოქმედოს. 

სტრესის გამომწვევ ფაქტორებს სტრესორები ეწოდება. 

სტრესორები შეიძლება იყოს: 

  • გარემო ფაქტორები – ხმაური, საფრთხე ან საფრთხის მოლოდინი; 
  • ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების სირთულე – ძილი, კვება, უსაფრთხოება; 
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესი – დროის უქონლობა, ზედმეტი მოთხოვნები, ან პირიქით — ძალიან მცირე დატვირთვა და მოსაწყენი სამუშაო; 
  • სოციალური სტრესორები – იზოლაცია, კონფლიქტები, დევნა, დისკრიმინაცია; 
  • შინაგანი კონფლიქტები – ურთიერთსაპირისპირო სურვილებსა და საჭიროებებს შორის დაპირისპირება, რომლის გადაჭრაც ძნელია.
"დასტრესილი ადამიანი"

თუმცა, სტრესი ყოველთვის არ არის უარყოფითი. არსებობს დადებითი სტრესი — ეუსტრესი, რომელიც უკავშირდება სასიამოვნო მოვლენებს, მაგალითად, ქორწინებას ან დაწინაურებას. 

მაგრამ, როდესაც ორგანიზმის რეაქცია სტრესზე გადაჭარბებულია, ან როდესაც სტრესი ზედმეტად ძლიერია, ის იწვევს დაძაბულობას, შფოთვას და შეიძლება ფსიქიკურ პრობლემებშიც გადაიზარდოს. ამ სახის სტრესს დისტრესი ეწოდება. 

სტრესი ასევე შეიძლება დავახარისხოთ სხვა ნიშნების მიხედვითაც, მაგალითად — ხანგრძლივობის მიხედვით:

მწვავე სტრესი — ჩნდება მოულოდნელ მოვლენაზე რეაქციის სახით. ეს შეიძლება იყოს ძლიერი ტრავმული გამოცდილება, როგორიცაა: ბუნებრივი კატასტროფა, თავდასხმა, ავტოავარია, გაუპატიურება, ახლობლის დაკარგვა ან გარემოს მკვეთრი და საშიში ცვლილება (მაგალითად, სახლის ხანძარი ან ახლობლის დაკარგვა).

მწვავე სტრესული რეაქცია  

მწვავე სტრესული რეაქციის მიზეზი შეიძლება გახდეს: ერთჯერადი ან განმეორებადი ძლიერი სტრესული და ტრავმული გამოცდილება, როგორიცაა: სერიოზული ფიზიკური ან ფსიქიკური ტრავმა, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ან სიკვდილის საფრთხე.

მწვავე სტრესული რეაქციის სიმპტომები (თუ შემთხვევა მოხდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში):

  •  ტრავმული შემთხვევის გახსენებისას ძლიერი ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური დისკომფორტი;
  •  მოვლენის განმეორებადი, უნებლიე და მუდმივი უსიამოვნო მოგონებები; 
  • დისოციაციური რეაქციები (მაგალითად, ფლეშბექები) — როცა ადამიანს ჰგონია, რომ ტრავმული მოვლენა ისევ ხდება; 
  • დერეალიზაცია — რეალობის შეცვლილი აღქმა (მაგალითად, ყველაფრის გაშეშებულად ან გაუცხოებულად აღქმა, დროის შენელების შეგრძნება); 
  • ძილის სირთულეები — ძნელად ჩაძინება, გამოუძინებლობა, კოშმარები; 
  • ტრავმასთან დაკავშირებული ფიქრების, გრძნობებისა და მოგონებების თავიდან აცილების მცდელობა; 
  • ტრავმულ მოვლენასთან დაკავშირებული ადამიანების, ადგილების ან სიტუაციების თავიდან არიდება; 
  • ქცევის ცვლილებები, რაც აწუხებს თვითონ ადამიანს ან მის გარემოცვას — მაგალითად, აგრესიულობა, სოციალურად გამოკვეთილი ჩაკეტილობა; 
  • გაღიზიანებადობა ან მოულოდნელი რისხვის ამოხეთქვები; ზედმეტი სიფრთხილე და გაძლიერებული ყურადღება; 
  • ყურადღების კონცენტრაციის სირთულე; 
  • ფიზიკური სიმპტომები, რომელთაც არ აქვს პირდაპირი სამედიცინო მიზეზი — მაგალითად, მეტყველების დაკარგვა, პარალიზება ან სიბრმავე და ა.შ.

ქრონიკული სტრესი, მეორე მხრივ, გამოწვეულია ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობებით, რომლებიც თანდათან ამცირებს ორგანიზმის რესურსებს, რათა გაუმკლავდეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სრული გამოფიტვა. ქრონიკული სტრესის გამომწვევი მიზეზებია: ხანგრძლივი ღალატი, დიდი სამუშაო დატვირთვა, ძილის ნაკლებობა, ცუდი ინტერპერსონალური ურთიერთობები, შეუსაბამო საცხოვრებელი პირობები და ა.შ.

დისტრეს-რეაქციები

 სტრესი ადამიანის სხვადასხვა დონეზე მოქმედებს. ფიზიკურად, მან შეიძლება გამოიწვიოს იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი დასუსტება ან ძვლისა და კუნთოვანი მასის დაშლა, პარალელურად კიცხიმის დაგროვება მუცლის არეში. გარდა ამისა, ფიზიკურად სტრესი შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა ტკივილით, როგორიცაა გულ-მკერდის ტკივილი, თავის ტკივილი, ნაწლავური სპაზმები და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებები. 

სტრესი ასევე აისახება ფსიქიკაზე. ყველაზე გავრცელებული რეაქცია სტრესზე არის შფოთვა. სხვა რეაქციები მოიცავს გაღიზიანებას, აგრესიას ან აპათიას, რომლებიც შეიძლება გადაიზარდოს დეპრესიაში. სტრესს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სწავლასა და მეხსიერებაზე, რადგან ის მოქმედებს ჰიპოკამპზე — თავის ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც პასუხისმგებელია სწავლასა და მეხსიერებაზე. 

გრძელვადიანი სტრესის შედეგები შეიძლება იყოს სერიოზული. ხანგრძლივი სტრესის შედეგად,სისხლში მაღალი გლუკოზის დონე, შეიძლება გახდეს დიაბეტის მიზეზი, რომელიც ხშირია ხანდაზმულებში. სტრესი ასევე იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, გული-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და ინსულტს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ფსიქოსომატური დაავადებების შესახებ, რომლებიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სტრესორებით, იხილეთ განყოფილებაში „ფსიქოსომატიკა“. ინფორმაციული და თვით დახმარების მასალები, რომლებიც ეხება არა მხოლოდ სტრესს, არამედ ემოციური გადაწვას, ხელმისაწვდომია განყოფილებაში „მულტიმედია“.

გახსოვდეთ, რომ სტრესს მრავალი მიზეზი აქვს. ის, რაც ერთი ადამიანისთვის შეიძლება უმნიშვნელო  იყოს, მეორეში შეიძლება ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს. ნუ მოგერიდებათ პროფესიონალური დახმარების მოძიება, როდესაც გრძნობთ, რომ ეს გჭირდებათ. მოქმედება ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია.

ემოციური გადაწვა

მაღალი სამუშაო დატვირთვის მქონე და დამხმარე პროფესიის წარმომადგენლებმა უნდა იცოდნენ გადაწვის სინდრომის შესახებ.

ადამიანები, რომლებიც იღებენ რთულ სამუშაო დავალებებს და დიდ დროს ატარებენ სამსახურში, ხშირად არასაკმარისად აფასებენ გამაფრთხილებელ ნიშნებს, რომლებსაც მათი სხეული უგზავნის. 

გადაწვის სინდრომი ქრონიკული სტრესის მდგომარეობაა. ეს სტრესი იწვევს გამოფიტვას, არასრულფასოვნებისა და წარუმატებლობის განცდას. სინდრომი ძირითადად შეუმჩნევლად და ნელა ვლინდება, ადამიანს აღარ შეუძლია ეფექტურად ფუნქციონირება პროფესიულ და პირად დონეზე. 

სტრესსა და გადაწვას შორის განსხვავება მის სიმძიმეშია, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც უფრო ადრე ამოიცნობთ სიმპტომებს, მით უკეთ შეძლებთ თავიდან აიცილოთ გადაწვა:

  • ქრონიკული დაღლილობა 
  • უძილობა 
  • მეხსიერებისა და კონცენტრაციის გაუარესება 
  • ფიზიკური სიმპტომები 
  • უფრო ხშირი სომატური დაავადებები და მადის დაკარგვა 
  • შფოთვა 
  • დეპრესია 
  • ბრაზი
  • სიხარულის გრძნობის დაკარგვა 
  • პესიმიზმი 
  • იზოლაცია 
  • განცალკევება
  • აპათია და სასოწარკვეთა
  • გაღიზიანებადობის ზრდა 
  • პროდუქტიულობის და მუშაობის დაქვეითება

კარგია, თუ ეს პრობლემები არ გაქვთ. თუმცა, უნდა იცოდეთ ყველა ეს გამაფრთხილებელი ნიშანი. დაუთმეთ დრო თქვენს ცხოვრებაში სტრესის დონის გულწრფელად შეფასებას. ისწავლეთ „არას“ თქმა, კარგად დაგეგმეთ თქვენი სამუშაო და თავისუფალი დრო დაუთმეთ იმ საქმის კეთებას, რომლებიც გსიამოვნებთ. 

შთაგონებისთვის შეგიძლიათ გადახედოთ “თვითზრუნვის” განყოფილებას. თუ გრძნობთ, რომ პროფესიონალური დახმარება გჭირდებათ, გადადით “დახმარების” განყოფილებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

სტრესი
  1. Křivohlavý, J. (1994). Jak zvládat stres. Praha: Grada. 
  2. Janíček, P., Marek, K. a kol. (2013). Expertní inženýrství v systémovém pojetí. Praha: Grada.
  3. Selye, H. (1966). Život a stres. Bratislava: Obzor
  4. Křivohlavý, J. (1994). Jak zvládat stres. Praha: Grada. 
  5. Halan, Y. C. (2005). Managing Stress. Slough: NEW DAWN PRESS GROUP.
  6. Matoušek, O. (2003). Pracovní stres a zdraví. Praha: Výzkumný ústav bezpečnosti práce.
  7. Hartl, P. & Hartlová, H. (2010). Velký psychologický slovník. Praha: Portál. 
  8. Ayers, S. & Visser, R. (2015). Psychologie v medicíně. Praha: Grada.
  9. Rice, W. H. (2012). The Handbook of Stress Science: Biology, Psychology and Health. Thousand Oaks: SAGE. 
  10. Atkinson, R. (2003). Psychologie. Praha: Portál.
  11. Kim, J. J. & Yoon, K. B (1998). Stress: Metaplastic effects in the hippocampus. Trends in Neurosciencees, 21(12), 505-509. doi: 10.1016/S0166-2236(98)01322-8.
  12. Atkinson, R. (2003). Psychologie. Praha: Portál.
გადაწვა
  1. https://www.zzmv.cz/syndrom-vyhoreni
Opatruj.se