ისწავლეთ სუიციდის გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა
ზოგიერთ, უკიდურეს შემთხვევაში, ადამიანები მზად არიან გადაიხადონ ყველაზე მაღალი საფასური — საკუთარი სიცოცხლე. თუ მათ აქვთ საკმარისად ძლიერი სუბიექტური მიზეზი, ისინი ახერხებენ თვითგადარჩენის ინსტინქტის გადალახვას და წყვეტენ საკუთარ ბიოლოგიურ არსებობას.
თვითმკვლელობა შეიძლება ჩაითვალოს სასოწარკვეთილებით განპირობებულ ქმედებად, არასასურველი მდგომარეობიდან გაქცევად, ერთადერთ გამოსავლად ან ცხოვრების გაგრძელების შეუძლებლობად.
სუიციდის რისკფაქტორებად განიხილება მრავალი მიზეზი: სტრესი, საზოგადოება, კულტურული ან ეკონომიკური მდგომარეობა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბოროტად გამოყენება, აზარტული თამაშები და სხვა.
თვითმკვლელობა შეიძლება იყოს სერიოზული შედეგი ისეთი ფსიქიკური აშილობებისა, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვითი აშლილობა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებასთან დაკავშირებული აშლილობები და სხვა.
სუიციდის რისკი მაღალია მათ შორის, ვინც განიცდის ხანგრძლივ კონფლიქტს, სოციალურ ზეწოლას, ძალადობას, სასტიკ მოპყრობას, სოციალურ იზოლაციას ან ემოციური მხარდაჭერის ნაკლებობას.
თვითმკვლელობა უზარმაზარ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს გარდაცვლილის ახლობლებსა და ოჯახს.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით: ყოველწლიურად 800,000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს სუიციდით;
- ყოველ 40 წამში ხდება ერთი თვითმკვლელობა;
- სუიციდი, სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია 15–29 წლის ასაკობრივ ჯგუფში;
- 15–19 წლის მოზარდებში, სუიციდი არის მეორე ყველაზე გავრცელებული მიზეზი გოგონებში და მესამე მიზეზი ვაჟებში;
- დაახლოებით 80%-ი იმ ადამიანებისა, ვინც გეგმავს სუიციდს, წინასწარ რაიმე ფორმით მიანიშნებს გარშემომყოფებს თავიანთ განზრახვაზე — თუნდაც ირიბად ან დაფარულად.
ადამიანმა, რომელიც საუბრობს ან ფიქრობს თვითმკვლელობაზე, შეიძლება შეაშინოს ან დააბნიოს გარშემომყოფები. შეიძლება არ იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ… ღირს თუ არა ასეთი საუბრის სერიოზულად აღქმა? უნდა იმოქმედოთ? ჩარევით ხომ არ გააუარესებთ მდგომარეობას?
გახსოვდეთ:
- მოქმედება ყოველთვის უკეთესია, ვიდრე უმოქმედობა — პასიურობამ შესაძლოა ფატალური შედეგი მოიტანოს.
- ისწავლეთ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა.
- მიმართეთ სპეციალისტს.
თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე.
ქცევა:
- წყვეტენ თავიანთ ჰობს;
- იქცევია დაუფიქრებლად;
- ურეკავენ ან სტუმრობენ ადამიანებს გამოსამშვიდობებლად;
- ეძებენ თვითმკვლელობის გზებს; მაგ. ინტერნეტში ეძებენ მასალებს და აღჭურვილობას;
- სვამენ მეტ ალკოჰოლს და/ან იყენებენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს;
- თავს არიდებენ მეგობრებსა და ოჯახს;
- ზედმეტად ბევრი ან ძალიან ცოტას სძინავთ;
- ავლენენ აგრესიას;
თვითდაზიანება
თვითდაზიანება განისაზღვრება როგორც ქცევა, რომლის დროსაც ადამიანი ზიანს აყენებს საკუთარ თავს — როგორც წესი, ჭრილობის, დარტყმის, დაწვის ან არალეტალური დოზის გადაჭარბების ან სხვა ნებისმიერი მავნე ქცევის გზით. ჩვენ ადვილად შეიძლება ავურიოთ თვითდაზიანება და თვითმკვლელობის მცდელობა, თუმცა მათ შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოტივაცია და წარმოშობის კონტექსტი და ყველა მათგანი არ ხორციელდება სიკვდილის განზრახვით. მთლიანობაში, თვითდაზიანებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ.
თვითდაზიანება განსაკუთრებით გავრცელებულია ახალგაზრდებში. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ თვითდაზიანება ხშირად იწყება დაახლოებით 12 წლიდან. თუმცა, მოზრდილებიც და ხანდაზმულებიც ითვლებიან რისკ ჯგუფად — ნებისმიერ ადამიანს შესაძლოა შეეხოს ეს პრობლემა.
თვითდაზიანების თემის გარშემო არაერთი მცდარი წარმოდგენა არსებობს. ყველაზე გავრცელებულია ის, რომ თვითდაზიანება ყურადღების მიქცევის მცდელობაა. რეალურად, ბევრი ადამიანი, ვინც თვითდაზიანებას მიმართავს, ამაზე ღიად არ საუბრობს და დახმარების თხოვნა მათთვის დიდ ძალასა და სიმამაცეს მოითხოვს.
თვითდაზიანება გვხვდება როგორც ბიჭებში, ისე გოგოებში. მიუხედავად იმისა, რომ მოტივაცია და თვითდაზიანების ტექნიკები შეიძლება გენდერულად განსხვავდებოდეს, თვითდაზიანება ყველა ჯგუფისთვის ერთნაირად სერიოზულად უნდა განიხილებოდეს. სტატისტიკური მონაცემები შესაძლოა ასახავდეს მაღალი გავრცელების მაჩვენებელს გოგოებში, მაგრამ ეს მონაცემები მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულ შემთხვევებს ითვლის. ეს ციფრები არასანდოა, რადგან ბევრი ადამიანი თვითდაზიანების შემთხვევაში არასდროს მიმართავს ჯანდაცვის სერვისს.
ძლიერი უარყოფითი განცდები და აზრები შეიძლება დაგროვდეს და ისეთი შინაგანი ზეწოლა შექმნას, რომლის გამოხატვის გზას ადამიანი ვერ პოულობს. ეს ზეწოლა თანდათან იზრდება და ზოგიერთი ადამიანი საკუთარ სხეულს იყენებს, როგორც გამოხატვის საშუალებად, რათა გაუმკლავდეს მძიმე დისტრესს და რთულ ემოციებს.
ზოგიერთი გავრცელებული მიზეზი (არ არის სრული სია):
- სირთულეები ოჯახში;
- პრობლემები მეგობრებთან;
- სკოლასთან ან სამსახურთან დაკავშირებული სტრესი;
- ბულინგი;
- შფოთვა;
- დეპრესია;
- დაბალი თვითშეფასება;
- ალკოჰოლისა და/ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება;
თვითდაზიანება შეიძლება აღიწეროს, როგორც ისეთი ზეწოლისგან გათავისუფლების გზა, რომელსაც ადამიანი ვეღარ უძლებს. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არსებობს ასეთ სიტუაციებთნ გამკლავების უსაფრთხო და ეფექტური გზებიც - ასევე არსებობს მხარდაჭერა და დახმარება. მნიშვნელოვანია ვინმესთან საუბარი, რათა მივიღოთ შესაბამისი მხარდაჭერა და ვისწავლოთ ახალი გამკლავების სტრატეგიები. რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ თვითდაზიანება არ ჩამოყალიბდეს ქცევის გრძელვადიან მოდელად.
ზოგიერთი ყურადღების გადატანის ტექნიკა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია მაშინ, როცა თვითდაზიანების სურვილი ჩნდება:
- დაარტყი ბალიშს ან ბალიშის მსგავს რბილ საგანს, რათა გამოუშვა ბრაზი და ფრუსტრაცია.
- შეისვენე ერთი წუთით და ღრმად ისუნთქე ან მედიტაცია სცადე.
- გაისეირნე გარეთ, საზოგადოებრივ ადგილას.
- ჩაიწერე ის აზრები და გრძნობები, რომლებიც გაწუხებს; შემდეგ დაკუჭე ფურცელი, დახიე და გადააგდე — როგორც ამ აზრებისგან გათავისუფლების საშუალება.
- შექმენი ხმაური: იმღერე ხმამაღლა ან იყვირე.
- ესაუბრე ვინმეს იმაზე, რა იწვევს შენში ამ მდგომარეობას, ან მიმართე პროფესიონალს დახმარებისთვის.
- მოამზადე „უსაფრთხო ყუთი“ წიგნებით, კროსვორდებით, თამაშებით ან ისეთი ნივთებით, რომლებიც გაბედნიერებს, ან განათავსე ნივთების სია, რომლებიც სიმშვიდეს განიჭებს.
- სცადე „3 წუთის წესი“ — დაელოდე მხოლოდ სამი წუთი. შემდეგ ნახე, შეძლებ თუ არა კიდევ სამი წუთის დამატებას და ასე გაგრძელებას, სანამ თვითდაზიანების სურვილი არ შემცირდება ან არ გაქრება.

